კლუბში გატარებული ორი წლის შემდეგ, ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ დატოვა, – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„გვილია ვარშავის „ლეგიას“ ტოვებს. ქართველმა ნახევარმცველმა ყურადღება 2018/19 წლების სეზონში კარგი გამოსვლით მიიპყრო. ის „ლეგიას“ 2019 წლის პირველ ივლისს შეუერთდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი სწრაფად მოიპოვა. მან ვარშავის გუნდისთვის პირველი გოლი ჩემპიონატის მეორე ტურის კილცეს „კორონასთან“ დრამატულ მატჩის ბოლო წამებზე გაიტანა, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ქართველი სიხარულით მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციებში და ღიმილით ასრულებდა საფეხბურთო და არასაფეხბურთო მოვალეობებს. ვაკო, მადლობა ყველაფრისთვის, რაც „ლეგიასთვის“ გააკეთე და კარიერის შემდეგ ეტაპებზე წარმატებებს გისურვებთ“, – წერია „ლეგიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ვალერიან გვილიამ პირველ სეზონში ვარშავის „ლეგიას“ ფორმით სეზონის ყველა შეჯიბრში 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, 9 პასი გააკეთა და რაც მთავარია, პოლონეთის ტიტული მოიგო. დასრულებულ სეზონში მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და 24 მატჩში ერთი საგოლე პასი ჩაიწერა.