ვაკო გვილია “ლუცერნში” იანვარში ჩაირიცხა და ახალი გუნდის ფორმით უკვე ორკერ ითამაშა, მათ შორის ბოლო მატჩი ”ციურიხთან” – ძირითად შემადგენლობაშიც.
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა პირველ არხთან გაამხილა, რომ ფინანსურად შვეიცარიულ კლუბზე საინტერესო წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა.
”იყო ფინანსურად ძალიან კარგი წინადადებები. ლაპარაკი ყაზახეთ-აზერბაიჯანის ლიდერ გუნდებზე იყო. დასამალი არაა, ისინი შვეიცარიელებზე უკეთეს ხელფასს მთავაზებდნენ. მაგრამ ამით საკუთარ მიზანს დავშორდებოდი, მე კი ევროპაში თამაში მსურდა. საკუთარ პრინციპებს, მიზანს და ამოცანას ვერ ვუღალატე და ამ ვარიანტებზე უარი ვთქვი. იყო ლაპარაკი გერმანიის ბუნდესლიგელ “ლაიფციგზეც”, მაგრამ ლაპარაკადვე დარჩა” – ამბობს გვილია.