ვაკო გვილია: უნდა გავიმარჯვოთ და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ
ვაკო გვილია: უნდა გავიმარჯვოთ და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ

ვაკო გვილიამ და ოთარ კიტეიშვილმა საქართველოსა და მალტის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამდე კომენტარები გააკეთეს.

„მისასალმებელია, რომ ამ ამხანაგურ მატჩებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია გამოძახებული. მათ ადაპტაციის გავლაში ყველანაირად ვეხმარებით. ეს თამაშები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია და მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა, რომ გავიმარჯვოთ და ის ლაღი და ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც ბოლო თამაშებში ვაჩვენეთ. ბევრი ლიდერი გვაკლია, თუმცა, იმედია, ისინი ერთა ლიგისთვის დაგვიბრუნდებიან და ოფიციალურ თამაშებს მომზადებული შევხვდებით“ – ამბობს შვეიცარიული “ლუცერნის” ნახევარმცველი ვაკო გვილია.

თბილისის “დინამოს” კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა კი თავის შანსზე ილაპარაკა:

“ნაკრებში ყოფნის პერიოდში ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურველ კონდიციებში იყო. ვცდილობ, ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯო და ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. მალტასთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და თუ თამაშის შანსი მექნება, ვეცდები, მწვრთნელის იმედები გავამართლო“.

შეგახსენებთ, საქართველო-მალტის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ავსტრიის ქალაქ შვაციდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 21 საათიდან შემოგთავაზებთ.