შვეიცარიულმა გამოცემა ლუცერნერ ცაიტუნგმა ვაკო გვილიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საფეხბურთო კლუბ ლუცერნიდან პოლონურ გურნიკში განათხოვრებული ქართველი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები, პროგნოზების საწინააღმდეგოდ, 23 მარტს შვეიცარიას დაამარცხებს და ევრო,2020-ის შესარჩევ ციკლს წარმატებით დაიწყებს.
„ეს საინტერესო შეხვედრა იქნება. ერთა ლიგაზე შვეიცარიამ წარმოუდგენლად მაღალი დონის თამაში აჩვენა, ბელგიასთან მოიგო და ჯგუფის გამარჯვებული გახდა. და მაინც, ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის არ გვეშინია. დიდი სურვილი გვაქვს, რომ შვეიცარიის მოვუგოთ და ევროპის ჩემპიონატის კამპანია წარმატებით დავიწყოთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.
გვილია ამ იმედს მისი თანამემამულეების მხარდაჭერას უკავშირებს:
„სავარაუდოდ, მაყურებელი სტადიონს ბოლომდე შეავსებს. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი ჩვენ მხარს ბოლომდე დაგვიჭერს. ჩვენთან შვეიცარიის ნაკრებიდან განსაკუთრებით პატივს სცემენ ჯერდან შაჩირის, გრანიტ ჯაკას და შტეფან ლიხტშტეინერს. ისინი გუნდის ლიდერები არიან. ასევე ძლიერია მარცხნენა მცველი რიკარდო როდრიგესი, რომელიც ლუცერნში ჩემი თანაგუნდელის, ფრანსისკო როდრიგესის ძმაა. სხვათაშორის, ლუცერნის ყოფილმა მწვრთნელმა რენე ვეილერმა ისიც ჩემსავით აითვალწუნა და ტრიბუნაზე დასვა“.