ვაკო გვილია - ნაკრებში ახალი ტაქტიკის შესამუშავებლად ჩამოვდივართ #1TVSPORT
ვაკო გვილია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სარაევოში შეუერთდა, სადაც „ჯვაროსნები“ წლის პირველ ამხანაგურ მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავენ.
პოლონური „რაკუვის“ 27 წლის ნახევარმცველმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 22 მარტს საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ ბაზაზე ივარჯიშა, რომლის დასრულების შემდეგ, მოახლოებულ მატჩებზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გასვლაზე. რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი ივნისის თამაშებისთვის მომზადებაზეა გამახვილებული. ნაკრებში ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. ეროვნულ გუნდში ყოველთვის მოსაგებად და ახალი სქემებისა და ტაქტიკის შესამუშავებლად ჩამოვდივართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ივნისის ოფიციალურ მატჩებს“, – ამბობს ვაკო გვილია.
შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილიამ კარიერა უკრაინაში დაიწყო და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. 2015 წლის ივნისში სერგეი კოვალცევმა უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია, სადაც ჯამში ოთხი მატჩი ჩაატარა. მაგრამ 2016 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა. 2016 წლის 28 მარტს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, უკრაინელ თანატოლებთან გასამართ მატჩში გამოიძახა, მერე კი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდშიც ათამაშა – სულ გვილიამ „ჯვაროსნებში“ 37-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.