ვაკო გვილია „ლეგიაში“ ჩაირიცხა [ვიდეო]

ვაკო გვილია, რომელიც „გურნიკიდან“ წამოვიდა, მეორე პოლონური კლუბის, ვარშავის „ლეგიას“ ფეხბურთელი გახდა.

ვაკო გვილიამ ზაბჟესგურნიკს“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა. „ლეგიამ“ მასთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა. გვილია ახალ კლუბში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„საქართველოს ნაკრების წევრმა ვალერიან გვილიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „ლეგიასთან“ ხელი ორწლიანი კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა „გურნიკში“ 2019 წლის საგაზაფხულო ეტაპი წარმატებით ჩაატარა. პოლონეთის სტადიონებზე გვილიამ დადებითი შეფასება დაიმსახურა – ქართველმა თავი გამოიჩინა, როგორც უნივერსალური თვისებების მქონე მრავალფეროვანმა ფეხბურთელმა, კარგი შეტევითი უნარებით და თამაშის კარგი ხედვით“, – წერს „ლეგიას“ ოფიციალური გვერდი.

ვაკო გვილიას განცხადებით, „ლეგიაში“ გადასვლაზე დასათანხმებლად დიდი დრო არ დასჭირვებია.

„დიდი დრო არ დამჭირვებია, რათა „ლეგიაში“ გადმოსვლას დავთანხმებულიყავი. მოხარული ვარ, ვარშავულ კლუბში რომ მოვხვდი და ერთი სული მაქვს, ამ სტადიონზე როდის ვითამაშებ. მომხდარით აღფრთოვანებული ვარ. ვიცი, რომ „ლეგია“ ყოველთვის უნდა იყოს ჩემპიონი და მთელი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტიტული და თასი დაიბრუნოს“, – განაცხადა გვილიამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

კომენტარი ვარშავის „ლეგიას“ სპორტულმა დირექტორმა, რადოსლავ კუჩარსკიმაც გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, გვილია გუნდს ძალიან გააძლიერებს და ჩვენს შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. მას ისეთი საფეხბურთო უნარები და თვისებები აქვს, რომელიც ჩვენს გუნდს გაამდიდრებს. ვაკომ პოლონურ ლიგასთან ადაპტაცია სწრაფად მოახერხა და მზადაა „ლეგიაში“ სათამაშოდ და იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ვარშავული კლუბის წინაშე დგას. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვიყავით ამ თანამშრომლობით და ტიტულისთვის ერთად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა კუჩარსკიმ.

ამასთან, გვილიამ შვეიცარიულ გამოცემა „ლუზერნერზეიტუნგთან“ არ დამალა, რომ „ლუცერნიდან“ (რომელსაც აქამდე მისი ტრანსფერი ეკუთვნოდა) სათანადო ინტერესსა და ყურადღებას ვერ გრძნობდა, შვეიცარიაში ტურისტად დაბრუნება კი არ სურდა და როდესაც „ლუცერნის“ სპორტული დირექტორი რემო მეიერი დაუკავშირდა, უთხრა – „ მსურს, რომ კლუბი დავტოვო, რადგან პოლონეთში ექსტრაკლასის ორი წამყვანი კლუბი მიწვევს“.

საქართველოს ნაკრების 25 წლის საყრდენი ნახევარმცველის ახალი კლუბი „ლეგია“ პოლონეთში ყველაზე პოპულარულია. ვარშაველები 13-ჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, თასს 19-ჯერ დაეუფლნენ, ხოლო პოლონეთის სუპერთასს – 4-ჯერ. აქამდე მისი ფორმით ქართველებიდან ლადო დვალიშვილს და ვაკო ყაზაიშვილს უთამაშიათ. მიმდინარე სეზონზე „ლეგია“ პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.