ვახტანგ მეგრელიშვილი - ვერ მოვახერხეთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაყალბების მასშტაბში დაგვერწმუნებინა და ახლა ყველაფერზე ფეხებს ვაფიჩინებთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვერ მოვახერხეთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაყალბების მასშტაბში დაგვერწმუნებინა და ახლა ყველაფერზე ფეხებს ვაფიჩინებთ

ვერ მოვახერხეთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაყალბების მასშტაბში დაგვერწმუნებინა და ახლა ყველაფერზე ფეხებს ვაფიჩინებთ, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმით, ასახსნელია, ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრებმა რატომ მოაწერეს ხელი სიყალბეს.

„ჩვენ არც პარტიული სტრუქტურა გვქონდა იმხელა და არც კომისიაში საკუთარი წევრები გვყავდა. უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს სამ ათას უბანზე ჰყავდათ სამი ათასი დამკვირვებელი. მათმა ათასობით დამკვირვებელმა ხელი მოაწერა სიყალბეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. მე არავის დაჭერას არ ვითხოვ, მაგრამ, სულ მცირე, ამ ხალხთან ერთად შემდეგ არჩევნებზე რომ გავალთ, მე ისევ რომ არ მეყოლება დამკვირვებლები და კომისიის წევრები, იგივე ხალხმა უნდა დაიცვას ჩემი ხმები ან თუნდაც მათი ხმები, რომლებმაც დღეს ხელი მოუწერეს რეჟიმს გაყალბებულ არჩევნებზე.

მე ეს ამბავი არ მესმის და ვიღაცამ ეს კარგად უნდა ახსნას. როდესაც ჩემთან აქვთ პრეტენზიები და საკუთარი პარტიის ათასობით წარმომადგენელი ჰყავთ, რომელიც ასე იქცევა, ჩემი აზრით, ასახსნელია ეს ამბავი.

არჩევნებზე ბევრი სისულელე რომ მოხდა, ეს ჩვენც ვნახეთ. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არჩევნები გაყალბდა. მე მასშტაბი უნდა ვიცოდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაანალიზებული შედეგები მჭირდება ამ გაყალბების, ასევე, შემთხვევებმა მთლიანობაში რა გავლენა მოახდინა შედეგებზე. ზუსტად ამას ითხოვენ ელჩებიც და დასავლელი პარტნიორებიც. ჩვენ რომ ეს მტკიცებულება შეგვექმნა, მათ შორის, ჩვენი დამკვირვებლებისა და პარტიების წარმომადგენლების შრომის, მტკიცებულებების მოპოვების ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებდნენ სასამართლოს ფუნქციას. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ეს ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვახერხეთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვერწმუნებინა და ამის შემდეგ, ყველაფერზე ვაფიჩინებთ ფეხებს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.