ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთმანეთთან საბრძოლველად პუნქტების გამოყენების მოტივაციით მოსული ხალხი მოლაპარაკებებში წარმატებებს ძალიან იშვიათად აღწევს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ერთმანეთთან საბრძოლველად პუნქტების გამოყენების მოტივაციით მოსული ხალხი მოლაპარაკებებში წარმატებებს ძალიან იშვიათად აღწევს

მოლაპარაკებაზე იყო 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის იდეა, რაც ჩემი აზრით, ფასილიტატორი ელჩებისა და ბატონი დანიელსონის იდეა იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ანუ, ვინც იქ მონაწილეობდა და თუ რამე უკავშირდებოდა 20 ივნისს, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხარეს, ერთხელ და სამუდამოდ დაგვემთავრებინა ეს ამბავი და ნიკა მელიას საქმეც ამით გადაწყდებოდა. ეს იდეა ჩემი აზრით, ფასილიტატორი ელჩებისა და ბატონი დანიელსონის იდეა იყო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორი იყო ამ ინიციატივაზე ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხი, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ბედნიერი არავინ არ იყო.

„ხომ უნდა მოგეწონოს და გინდოდეს, რომ მოდი, ასე გავაკეთოთ?! ტექნიკაზე იმსჯელო, ვის შეეხება და როგორ შეეხება, როგორ წარმოვუდგენთ ამას საზოგადოებას და როგორ მივაწვდით, ხომ?! აი, ეს საუბარი არ იყო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს პუნქტი რაღაც მომენტში გაქრა, ჩემთვის უცნობი მიზეზით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა არის შერიგების სურვილი და არა ის, რა პუნქტები ჩაიწერება და მხარეები რაზე შეთანხმდებიან, ან ვერ შეთანხმდებიან.

„თუ ეს სურვილი არ არსებობს და ჩვენ გვინდა, მაგიდის გარშემო, სადაც შეკრებილი ვართ და პუნქტებს ვწერთ, ეს პუნქტები ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიყენოთ, როგორც კრივშია, რომ ითვლიან, რამდენი იმან დაარტყა, რამდენი ამან და მერე გამოვავლინოთ, ვინ არის ამ მოლაპარაკებებში გამარჯვებული და ვინ დამარცხებული, ამ მოტივაციით მოსული ხალხი მოლაპარაკებებში წარმატებებს ძალიან იშვიათად აღწევს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საკითხებზე დაახლოვდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიცია, რადგან კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ ცალკეულ პუნქტებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენა არ აქვს, დანიელსონმა რა კონკრეტული პუნქტი იგულისხმა, მაგრამ სამი დღის განმავლობაში შეთანხმების პუნქტების უამრავი ვერსია იყო წარმოდგენილი და საუბარი იყო უამრავ თემაზე.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ყველა წინადადება იდეაში განიხილებოდა, როგორც ფასილიტატორი ელჩების და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის წინადადება, მაგრამ ამ წინადადებებზე ორივე მხრიდან უარი იყო.

„ეს წინადადებები თითქოს, არც ერთ მხარეს არ აინტერესებდა. „ქართულ ოცნებაში“ არაფორმალურ საუბრებში უფრო გასაგები იყო, რომ ამ ადამიანებთან ამ თემაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ოპოზიციის, ჩემი კოლეგების პოზიცია მე ვერ გავიგე. მაგალითად, ზღაპრული ვერსია რომ წარმოვიდგინოთ და ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 5% მიიღოს, ხომ გასაგებია, რომ ამ პარტიას ხელისუფლებაში აღარ უნდა ესაქმებოდეს?! 25% რომ მიიღოს, ხომ ასევე გასაგებია, რომ ხელისუფლებაში ვერ დარჩება, მაგრამ თუ 50%, ან 55% მიიღო, გვინდა ახალი არჩევნები? კითხვა ხომ ისმება? მაგრამ ეს კითხვა არ ისმება და არც კი განიხილება. იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკური ძალა ამას მიუღებლად განიხილავს, თან ისე, რომ არგუმენტების დასახელება და ამ საკითხებთან დაკავშირებით დებატებში შემოსვლაც არ უნდათ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციაზე თანამდებობების გადანაწილების შემოთავაზება საერთოდ უხერხული იყო.

„რა დროს თანამდებობებია, ხომ?! შეიძლება, ჩვენს მეგობრებს ჩვენ ნორმალურები წარმოვუდგენივართ და არა ისეთი გიჟები, როგორც სინამდვილეში ვართ. შეიძლება, მათ ჩათვალეს, რომ ასე, ოპოზიციას მეტი ბერკეტი მიეცემა, მაგრამ შალვა ნათელაშვილი რომ ამას გააკეთებს, ჩვენ საზოგადოებაში რომ ეს მოსყიდვად იქნება განხილული, ხომ გასაგებია?!“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეკითხვაზე, თუ პოზიციების დაახლოება ვერაფერზე ვერ ხერხდებოდა, რატომ კეთდებოდა მედიატორის მხრიდან განცხადებები, რომ რაღაც გარკვეულ პუნქტებზე წინსვლა იგრძნობოდა და რატომ დარჩა კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამი დღის ნაცვლად რვა დღე, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაწილს გაუგებარ ნაწილად დატოვებს, რადგან ეს ვერ გაიგო.

„მე უბრალოდ, არ მახსოვს, როდის ახლოვდებოდა პოზიციები ამ შეხვედრების დროს. ვერ მოგახსენებთ. მე უბრალოდ, ვერ გავიგე. ჩემი აზრით, პირიქით, შორდებოდა თუ იძაბებოდა, რაღაც ასეთი ხდებოდა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.