ვახტანგ გომელაური - პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ უწყების 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია – 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა, ამასთანავე, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომელთა სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება.
„მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომელთა სპეციალიზაციას და კვალიფიკაციის ამაღლებას. დაინერგა პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამის ხანგრძლივობა ოთხ თვემდეა. სწავლის პერიოდში მსმენელები იღებენ თანამდებობრივი სარგოს
ნახევარს. შეიქმნა სიმულაციური სწავლების სივრცე.
მოეწყო საცეცხლე ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე, რომელიც აგებულია საერთაშორისო სტანდარტებით და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების მიხედვით, მუდმივ რეჟიმში მოხდება საპოლიციო პროფესიული სწავლების უზრუნველყოფა. სამომავლოდ, საზღვარგარეთის სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით გაგრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება სპეციალური მიმართულებებით.
პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თანამშრომელთა სოციალური პირობების და გარანტიების შექმნისთვის.
2013 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ.
სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი – 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი – 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი – 500 ლარს იღებს.
2014 წლიდან, შვილის შეძენის, ოჯახის შექმნის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1 000 ლარის ოდენობით; 2015 წლიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით;
საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახებს ყოველწლიურად გადაეცემა ფულადი და მატერიალური დახმარება.
10-წლიან პერიოდში დაგეგმილია შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.