ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა
მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით 112-ში, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.
დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა.
„მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, 112 და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა და 2020 წლიდან შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112; დაინერგა SMS და ვიდეოზარის სერვისი – ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. 112-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი შესთავაზა. მობილური აპლიკაციით შესაძლებელია ჩუმი განგაშის – SOS შეტყობინების გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა.
2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შესაბამისად, შემცირდება რეაგირების დრო. აღნიშნულის განსახორციელებლად იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა.
ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს. ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება 112-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.