ვახტანგ გომელაური - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე
ვახტანგ გომელაური - კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე

​შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე უწყებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

„უნდა აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. პარტნიორებისა და უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების გადამზადება და ცოდნის გაზიარება. 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 152 კიბერდამნაშავე. ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს „ათეთრებდნენ“. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათზე“.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2020 წელს კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი შეიქმნა თბილისში. გომელაურის განცხადებით, მსგავსი დანაყოფები ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილების შედეგად, შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამომძიებლებმა გადამზადება გაიარეს კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. გაიზრდება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა, მათ შორის, რეგიონებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.