ვახტანგ გომელაური - არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ მოიმატა კრიმინალმა, დაიქცა ქვეყანა
არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ მოიმატა კრიმინალმა და დაიქცა ქვეყანა, – განაცხადა შს მინისტრმა, ვახტან გომელაურმა ჟურნალისტების მიერ კრიმინალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
„კრიმინალზე ძალიან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ინტერპრეტაცია ჩემი განცხადებების, ხან ისე შემოატრიალებენ, ხან ისე შეატრიალებენ, სამწუხაროდ. მინდა, ერთი რაღაც ვთქვა და ძალიან მარტივია, არსებობს ჩვენი გვერდი, სადაც ოფიციალური ციფრები დევს, არა მარტო ამ წლის 2020, 2019, 2018, ძველი – 2007, 2008, 2009, 2010 წლის. იქიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკოსები და მათ შორის სამწუხაროდ, ჟურნალისტები საუბრობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა ძალიან მომიმატა, გადახედონ ელემენტარული, საიტზე, შევიდნენ და ნახონ ეს. ჩემი მოგონილი არ არის, არც ჩემი დაწერილი. მით უმეტეს, 2007-ში და 2008-ში ვერ დავწერდი ციფრებს. ნახავთ, რამდენით სხვაობაა მოყოლებული წინა წლებში. არა მარტო მოყოლებული კლებადი, სულ კლებადი ვერ იქნება რაღაც – ხან იკლებს, ხან იმატებს. ეს ჩვეულებრივი თემაა. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება – ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა და ამ მთავრობაში ასე ხდება, მაგრამ იძულებული ვარ, გავუსვა ხაზი ამ თემას. 2012 წლამდე ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 ათასი-25 ათასი ადამიანი, დღეს ცხრა ათასამდეც არ არის ციხეში, როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში. თქვენ თუ ამას უწოდებთ, რომ კრიმინალი მომატებულია, ელემენტარულად, არის საიტზე ციფრები, ჩვეულებრივად ციფრები, რომელსაც ყველა კითხულობს. არ სჭირდება მაგას იურიდიული განათლება და ეკონომიკური განათლება. იყო – 300, დღეს არის 100. მესმის, არის არჩევნები და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ მოიმატა კრიმინალმა და დაიქცა ქვეყანა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე სოციალურ კრიმინალთან დაკავშირებით, შს მინისტრმა აღნიშნა: „უკაცრავად, გაჭირვების გამო ხდებოდა ათჯერ მეტი და სამჯერ მეტი წინა წლებშიც. ახლაც ხდება ჩვეულებრივად. ეკონომიურად გაჭირვებულია ეს ადამიანი თუ კრიმინალია და მეხუთე დანაშაულს ჩადის, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს და ამას დათვლა უნდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.