ვახტანგ გომელაური - ახლა ღიად ვამბობ, ცესკო-სთან პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და ბიჭებს ვუთხარით, არ განძრეულიყვნენ
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს.
„იგივე, რაც მოხდა ცესკო-ს შენობასთან. ასე ღიად არ მითქვამს, მაგრამ უნდა ვთქვა – ნამდვილად გაუსაძლის პირობებში შეურაცხყოფას აყენებდნენ პირდაპირ; ჩემი მეორე მოადგილე იყო ადგილზე და პირდაპირ ვუთხარი, მიდით, ბიჭებს უთხარით, არ გაინძრნენ-მეთქი. იქ რომ რაღაც მომხდარიყო და აყოლოდნენ თემას, ეგ უნდოდათ, რომ ამტყდარიყო ჩხუბი, ცემა-ტყეპა, ხელკეტებით ცემა. ალბათ, ეგ უნდოდათ. ვუთხარი, ჩათვალეთ, რომ მე მაგინებენ, არ გაინძრენ ბიჭები, სთხოვე-მეთქი. სწრაფ-სწრაფად ვცვლიდით წინა რიგს, რომ ადამიანს ნერვები ეშლება, ადამიანები ვართ ყველა.
რაც მოხდა 20 ივნისსაც, როცა ხედავენ, შენ თვალწინ შენს მეგობარს 20 კაცი ურტყამს, სცემს, ჩაფხუტს აგლიჯავენ, რა თქმა უნდა, ღიზიანდები, იქ უკვე შენ მინისტრიც აღარ გაინტერესებს, არც მისი მოადგილე, არც შენი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვყოფილვარ მეც იმ რიგითი სპეცრაზმელის როლში და იქ რომ შედიხარ, შენ წყვეტ და ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა. წინა რიგებს ვცვლიდით ნამდვილად. ახლა ვამბობ ღიად, რომ ეს ადამიანები არ გაღიზიანებულიყვნენ და ან ხელი არ დაერტყათ, მაქსიმალურად არ წასულიყო დაპირისპირება. ასეთ მდგომარეობაში ვართ. მესმის, რა ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ ამ მხრივ, კანონი რასაც გვაძლევს საშუალებას იმ მხრივ, ვაკავებთ, გადაგვყავს, ხან აჯარიმებენ. როცა სასამართლო თვლის, რომ დასაჯარიმებელია, ხან არ არის დასაჯარიმებელი, ჩვენ ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, თუმცა შინაგანად რაღაცაში შეიძლება ხშირად არ ვეთანხმებით“, – აცხადებს შს მინისტრი.