ვახტანგ ჭანტურიშვილმა გუნდი შეიცვალა. გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ჩეხეთის ჩემპიონატში „ზლინიდან“ „იაბლონეცში“ გადავიდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ჭანტურიშვილი ახალ გუნდში ვარჯიშს მალე შეუდგება. გუნდის ახალწვეული არ მალავს, რომ „იაბლონეცთან“ ერთად ევროტურნირებზე მონაწილეობა სურს.
„დიდი ხანია ჩეხეთში ვთამაშობ, ვიცნობ კლუბებს, მათ შორის – „იაბლონეცს“. როცა ჩეხეთში პირველი კონტრაქტი გავაფორმე, ეს გუნდი ევროპალიგაზე თამაშობდა და ამბიციური მიზნები ჰქონდა. გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და მინდა, კლუბთან ერთად რაც შეიძლება მეტს მივაღწიო. მიხარია, რომ „იაბლონეცში“ ვითამაშებ. წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ყველა გუნდისა და ფეხბურთელის მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა. დარწმუნებული ვარ, „იაბლონეციც“ ამისთვის იბრძოლებს. ერთად წარმატების მიღწევას შევძლებთ. იმედი მაქვს, რომ ახალი სეზონი გუნდისთვის უკეთესი იქნება“, – ამბობს 29 წლის ნახევარმცველი.
ვახტან ჭანტურიშვილმა კარიერა თბილისის „სასკოში“ დაიწყო, თამაშობდა „ნორჩ დინამოელში“, „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, უკრაინულ „ოლექსანდრიასა“ და „სპარტაკ ტრნავაში“ (სადაც სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა). მან ასევე ხუთი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში.