ვაისს ჩეფერინის პროექტი მოსწონს - ერთა ლიგა დამატებითი შესაძლებლობაა
ვლადიმერ ვაისი ალექსანდრე ჩეფერინს ინოვაციების პრეზიდენტს უწოდებს და მის იდეებს იწონებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „იზვესტიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ერთა ლიგამ ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დამატებითი შესაძლებლობა მოგვცა. საამისოდ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – ჩვენ ჯგუფური ეტაპი მოვიგეთ. ძალიან კარგია, რომ ასეთი ტურნირი დაარსდა“, – ამბობს „იზვესტიასთან“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც რომში გამართულ უეფა-ს 43-ე კონგრესს დაესწრო.
შეგახსენებთ, უეფა-ს კონგრესზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად, უახლოესი ოთხი წლით კვლავ სლოვენიელი ალექსანდრე ჩეფერინი აირჩიეს, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა. უეფა-ს ერთა ლიგის პროექტი სწორედ მისი მმართველობის დროს განხორციელდა.