დღეს, კოპენჰაგენში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „დ“ ჯგუფში საქართველო დანიას შეხვდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი კოპენჰაგენში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა და თითოეული მათგანი სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მოახლოებულ მატჩზე კომენტარები გააკეთეს.
„სტადიონ „თელია პარკენზე“, სადაც შეხვედრა გაიმართება, რამდენჯერმე მითამაშია და ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა. დანიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. თუმცა შესარჩევ ჯგუფში პირველი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ჩვენთან მოსაგებად ითამაშებს. მაგრამ შანსები ჩვენც გვექნება და უნდა გამოვიყენოთ. უშანსოდ კი ნამდვილად არ ვართ“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.
ოთარ კიტეიშვილი – „რა თქმა უნდა, დანია ძალიან მაღალი დონის გუნდია – ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. როგორსაც ელოდნენ, ისეთი სტარტი არ ჰქონდათ, ორი შეხვედრის შემდეგ ორი ქულა აქვთ, ჩვენ კი მათზე მეტი (3 ქულა) დავაგროვეთ. რაც შეეხება ჩვენს განწყობას – ორი წაგების შემდეგ გიბრალტართან მოვიგეთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მართალია, მეტოქე ძლიერი გუნდი არ იყო, მაგრამ სამი ქულა ყოველთვის მნიშნელოვანია და გუნდში კარგი განწყობაა. მიმაჩნია, რომ დანიასთან შანსი გვექნება – დაუმარცხებელი მეტოქეც არაა და იმედია, დადებით შედეგს ვაჩვენებთ“.
ვლადიმირ ვაისმა არ გამორიცხა, რომ დანიელებთან ათამაშებს ლაშა პარუნაშვილსა და საბა ლობჟანიძეს, რომლებიც დანიურ კლუბებში (შესაბამისად, „ესბიერგსა“ და „რანდერსში“) თამაშობენ. სლოვაკმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში ასევე შვედური „გიოტებორგის“ შემტევის, გიორგი ხარაიშვილის დაყენებაც არ გამორიცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი)
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის დანია- საქართველოს პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. ამავე დროს დაიწყება შეხვედრა დუბლინში, სადაც ირლანდია გიბრალტარს უმასპინძლებს.