ვაისის „სლოვანში“ ჯერ მხოლოდ კანკავა ვარჯიშობს - სლოვაკები, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისს“ შეხვდნენ #1TVSPORT
ვაისის „სლოვანში“ ჯერ მხოლოდ კანკავა ვარჯიშობს - სლოვაკები, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისს“ შეხვდნენ #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონმა ბრატისლავას „სლოვანმა“ (რომელშიც სამი ქართველი თამაშობს) ჩემპიონთა ლიგაზე სავარაუდო მეტოქეების ვინაობა შეიტყო და არაა გამორიცხული, საქართველოში თამაშიც მოუხდეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა და არა მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, არამედ საგაზაფხულო ეტაპზე კონფერენს ლიგის პლეი ოფშიც ითამაშა. „სლოვანის“ ხელმძღვანელებს სურთ, 2023/24 წლების სეზონში გუნდმა თამაში იმავე შემართებით გააგრძელოს.

ბრატისლაველები სეზონს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპით გახსნიან. „სლოვანი“ განთესილ გუნდებს შორისაა – „ფერენცვაროშთან“, „ყარაბაღთან“, „შერიფთან“ და „ბატესთან“ ერთად. „დინამო თბილისი“ ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც, შესაძლოა, „სლოვანი“ ევროტურნირის დასაწყისში შეხვდეს.

სლოვაკეთის ჩემპიონმა ახალი სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო, მაგრამ ამ ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად მხოლოდ ჯაბა კანკავაა. გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არიან გამოძახებულები. თუმცა, ჩაკვეტაძეს იჯარა „სლოვანში“ დაუსრულდა და სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია.