ვაისის „სლოვანი“ ჯგუფში ითამაშებს - ჩაკვეტაძემ შეცვლა ითხოვა, კანკავა გააძევეს, კაშიამ გადამწყვეტი პასი გააკეთა #1TVSPORT
ვაისის „სლოვანი“ ჯგუფში ითამაშებს - ჩაკვეტაძემ შეცვლა ითხოვა, კანკავა გააძევეს, კაშიამ გადამწყვეტი პასი გააკეთა #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩი ბოსნიურ „ზრინსკისთან“ პენალტების სერიით მოიგო და ევროსეზონი გაიხანგრძლივა, ჯგუფურ ეტაპზე კი სლოვაკეთის ჩემპიონის ფორმით სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

პირველი შეხვედრა ბოსნიაში „ზრინსკმა“ 1:0 მოიგო და განმეორებით მატჩში „სლოვანს“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი დააყენა – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. სამივემ ყვითელი ბარათი მიიღო, 90-ე წუთზე კი ჩაკვეტაძემ კუნთზე დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა.

„სლოვანმა“ ძირითად დროში გაიტანა (ერიკ რამირესი, 67-ე წუთი) და საერთო ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში გატანა კანკავასაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ მისი ძლიერი დარტყმა მოიგერია და ბოსნიელები გადაარჩინა. 103-ე წუთზე ბოსნიელთა შემტევმა იგორ სავიჩმა „სლოვანის“ კარი აიღო და საერთო ანგარიშში „ზრინსკი“ დააწინაურა.

117-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ჯაბას ორთაბძოლის შემდეგ წითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ასეთ რთულ ვითარებაში ვაისის „სლოვანმა“ მეორე გოლი მაინც გაიტანა და ეს ისევ რამირესმა შეძლო – საჯარიმოში გურამ კაშია ჩავიდა და თავით ბრძოლა მოიგო, ბურთს რამირესმა დავარდნა არ დააცადა და ულამაზესი „მაკრატელათი“ ბოსნიელთა კარი მეორედ აიღო – 2:1.

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია. ამ დროისთვის კაშია უკვე გუნდის კაპიტნის რანგში დარჩა. სამწუხაროდ, ის პირველი იყო, ვინც „სლოვანიდან“ ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო), მაგრამ ბრატისლაველების მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია და ქართველების სამეული და სლოვაკეთის ჩემპიონი კონფერენს ლიგის ჯგუფში შეიყვანა.