ვაისი ჩაკვეტაძის დამატებაზე - ერთა ლიგა მარტო მოიგო, თუ ჯანმრთელი იქნება, ყველას გაგვახარებს #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ახალი სეზონის დაწყებამდე ახალწვეულებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 21 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს გააძლიერებს.
„ჩამოვიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვინდოდა, მათ კარგად ვიცნობ – იურაი კუცკა, გიორგი ჩაკვეტაძე, ერიკ რამირესი და სიმენ ვოეტი, რომელიც ცაცია მცველია და შეტევაში კარგად ერთვება. საევროპო განაცხადში 22 მოთამაშე მოხვდება. კმაყოფილი ვარ ახალწვეულთა ხარისხით, თითოეულ რგოლში ორი მოთამაშე გვყავს. ადრიან ჩოვანი კარგი მეკარეა, მაგრამ კონკურენცია მასაც სჭირდება. ამიტომ ამ საკითხს ვაგვარებთ. შესვენების შემდეგ იური მედვედევიც დაბრუნდა, რაც დიდი პლუსია. ჩაკვეტაძე 18-19 წლის იყო, როდესაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირადად მოიგო ოთხი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით. მაშინ მას შანსი მივეცი. სამწუხაროდ, ორწელიწადნახევრის წინ ჯვარედინი იოგები დაუწყდა და ტრავმამ დიდი ხნით გააჩერა. ახლა ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ეს ძალიან კარგი ტრანსფერია, რადგან წარსულში იწვევდნენ „ჩელსი“, „ბარსელონა“ და დორტმუნდის „ბორუსია“. მას დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ის ჯანმრთელი იქნება, ყველას გაგვახარებს“, – განაცხადა ბრატისლაველთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს და ენდობა.
ზაფხულის შეკრებაზე „სლოვანმა“ ოთხი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო – 3:0 ავსტრიულ „რიდთან“, ორი ფრედ (0:0 „დუნაისკა სტრედასთან“ და 2:2 „ბრნოსთან“) დაასრულა და ერთში დამარცხდა (1:3 „პლზენთან“).
ვლადიმერ ვაისმა კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის „დინამოსთან“ მოახლოებულ მატჩზეც გააკეთა და მეტოქე ძლიერ გუნდად შეაფასა.
„მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, რადგან სეზონის შემდეგ კორონავირუსი დამემართა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც მქონდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ. ზოგიერთ მოთამაშეს ფორმაში შესასვლელად ორი კვირა მაინც სჭირდება, განსაკუთრებით ეს ნაკრების წევრებს და ახალ მოთამაშეებს ეხება, რომლებიც ჩვენთან დიდი ხანია არ არიან. პირველი თამაში კარგი მეტოქის წინააღმდეგ გვაქვს. მაგრამ მჯერა, რომ კარგ გუნდს იხილავთ, რომელიც შარშანდელზე ძლიერი იქნება“.
ბათუმის „დინამო“ ბრატისლავაში „სლოვანს“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცის პირველ ეტაპზე 6 ივლისს ესტუმრება, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 13 ივლისს ბათუმის არენაზე უმასპინძლებს.