გორის „დილამ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა, გუნდში 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვესი ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგის შემტევია. თუმცა თამაშობს ასევე მარცხენა ვინგერად და ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად. 25 წლის ვაგნერ გონსალვესი „ბასტიას“ აღზრდილია. პირველი გუნდის განაცხადში საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, მაგრამ მთელი მატჩი სკამზე გაატარა.
მისთვის საქართველოს ჩემპიონატი უცხო არ არის – 2016 წელს „საბურთალოში“ ჩაირიცხა და ოთხი სეზონი ითამაშა. საქართველოს ჩემპიონატში 69 მატჩი (18 გოლი) ჩაატარა, ხოლო საქართველოს თასზე – 3 მატჩი. 2017/18 წლების სეზონში იჯარით წავიდა ბელგიურ „სერკლ ბრიუგეში“. თუმცა ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში 1 მატჩი ჩაატარა და „საბურთალოში“ დაბრუნდა.
2020 წელს ვაგნერი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. ეროვნულ ლიგაში ითამაშა ერთი სეზონი და 14 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა, საქართველოს თასზე – 1 შეხვედრა. 2021 წლის 24 იანვარს ბრაზილიელმა შემტევმა 2-წლიანი კონტრაქტი დნეპრპეტროვსკის „დნიპრო-1“-თან გააფორმა.
„საბურთალოს“ რიგებში 2018 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და წლის საუკეთესო ლეგიონერების სამეულშიც მოხვდა.