ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2017 წლის 20 საუკეთესო იპონის ვიდეო გამოაქვეყნა. ოცეულში ერთადერთი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი მოხვდა. ევროპის ჩემპიონმა გორელმა ფალავანმა ეს აღიარება დიუსელდორფის გრან-პრიზე შესრულებული გდებით დაიმსახურა. ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მან რუს ქამალ ხან-მოგამედოვს ეფექტური გდება შეხვედრის დაწყებიდან 1:45 წამში შეუსრულა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. საბოლოოდ მარგველაშვილმა ეს ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა. ხან-მოგამედოვის ძლევის შემდეგ, მან ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ – ტალ ფლიკერს, ფინალში კი იაპონელ – ნორიჰიტო ისოდას მოუგო.
შეგახსენებთ რომ ვაჟა მარგველაშვილი და საქართველოს ნაკრების სხვა წევრები წლევანდელ სეზონს ორ დღეში გახსნიან. ირაკლი ცირეკიძის გუნდი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა, სადაც 10-11 თებერვალს პარიზის დიდ სლემზე ისაპარეზებს. წლის პირველი დიდი სლემის კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
ავტორი -
მიხეილ ნიკოლეიშვილი