ოდესის „ჩერნომორეცმა“ უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) 28-ე ტურში სტუმრად ხარკოვის „მეტალისტი“ დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უკრაინის პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
გუნდის წარმატებას „ინსტაგრამის“ გვერდზე გუნდის ქართველი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე გამოეხმაურა:
„ეს რთული გზა იყო, მაგრამ ჩვენ იგი დავძლიეთ და ამოცანა შევასრულეთ. ოდესაში დიდი ფეხბურთი ბრუნდება, რომლსაც ყველა გულშემატკივარს ვულოცავ – მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, – წერს ბექა ვაჩიბერაძე.
მან უკრაინაში კარიერა სწორედ ოდესის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. მერე იყო დონეცკის „შახტარის“ აკადემია და 19-წლამდელთა გუნდი, რომლის ფორმითაც 2014-15 წლების სეზონში იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
ამის შემდეგ ვაჩიბერაძე გადავიდა „რეალ ბეტისში“, ითამაშა ლატვიური „რიგაში“, ბოლოს – ბელგიურ „ლომელში“. იყო უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ახალგაზრდულ ნაკრებში კი კაპიტნად აირჩიეს. მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს პასპორტის დაბრუნება ამჯობინა.
ბექა ვაჩიბერაძე ოდესის „ჩერნომორეცში“ 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა და გუნდის ფორმით 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.