ვაჩიბერაძე ძირითადში იყო, გოჩოლეიშვილი ისევ დაასვენეს - „შახტარმა“ 7:0 მოიგო #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში ქართველების გუნდების დაპირისპირება უჩვეულო შედეგით დასრულდა – ლვოვში ხარკოვის „მეტალისტი 1925“ დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა.
დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა გიორგი გოჩოლეიშვილი ისევ სათადარიგოებში დასვა და არ ათამაშა, ხოლო ბექა ვაჩიბერაძე „მეტალისტი 1925“-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.
ამ დროისთვის „შახტარმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა და 4:0 დაწინაურდა. მეორე ნახევარში დონეცკელებმა მეტოქის კარი კიდევ სამჯერ აიღეს და ხარკოვის „მეტალისტი 1925“-მა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა.
„შახტარმა“ მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა და 36 ქულით, დნეპროპეტროვსკის „დნიპრო-1“-თან ერთად, უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხარკოვის „მეტალისტი 1925“ (19) კი – მე-8-ზე.
„შახტარს“ შემდეგი მატჩი ევროსარბიელზე ელის. უკრანიელები ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში როტერდამის „ფეიენოორდს“ უმასპინძლებენ. ვარშავაში, „ლეგიას“ სტადიონზე შეხვედრა 9 მარტს გაიმართება.