უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძესთან გასაუბრება დასრულდა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძესთან გასაუბრება დასრულდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძესთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.

როგორც გასაუბრების შემდეგ ზაზა თავაძემ განაცხადა, საუბარი მრავალ თემას შეეხო.

„ვარ თუ არა კმაყოფილი ჩემი პასუხებით, მგონია, კადნიერებაში არ ჩამომერთმევა – დიახ. ვუპასუხე ყველა შეკითხვას, ვფიქრობ, დანარჩენი, გადაწყვეტილების მიღება ახლა არის საბჭოს წევრებზე, როგორც ითვალისწინებს ამას პროცედურა. დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ გასაუბრებაზე დასმული საკითხით, მისი ზურაბ ადეიშვილთან მუშაობის პერიოდზე.

„ზურაბ ადეიშვილთან მქონდა წმინდა სამსახურებრივი ურთიერთობები, როგორც კომისიასაც განვუცხადე. ანუ, 20 წლის წინ, როდესაც დაიწყო ჩემი კარიერა. არც ერთი ჩემი დაწინაურება არ მომხდარა კონკურსისა და კონკურენციის გარეშე. შესაბამისად, ამის ფონზე მოვხვდი ზუსტადაც პროკურატურაში ჯერ საკადრო უზრუნველყოფის უფროსის მოადგილედ, როდესაც მე წარმოვადგენდი საქართველოს გენერალურ პროკურატურას საერთო სასამართლოებში სხვადასხვა საქმეებზე ყველა ინსტანციაში და გარდა ამისა, მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი ზურა ადეიშვილს. ამის შემდეგ, ჩემი პროფესიონალური გამოვლინებებით მოვაღწიე დღევანდელ დღემდე. ადეიშვილმა დაინახა ის, რომ მე საკმაოდ მაღალ დონეზე და პროფესიონალურად წარმოვადგენდი პროკურატურას საერთო სასამართლოებში“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.