ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა კვლავ წამოჭრა პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების საკითხი.
მან მთავრობას დაავალა ყურადღებით შეისწავლოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს რაკეტის გაშვებამ ოლიმპიური თამაშების წარმატებით და უსაფრთხო პირობებში ჩატარებაზე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მოიძებნოს სიტუაციის „სტაბილურად მართვის“ მეთოდები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა.
სამხრეთ კორეაში იმედოვნებენ, რომ ჩრდილოელი მეზობლები ოლიმპიადაში მონაწილეობაზე დათანხმდებიან, რაც შეასუსტებს დაძაბულ ატმოსფეროს.
ჯერჯერობით, ჩრდილოეთ კორეას ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბოიკოტი გამოუცხადა 1988 წელს სეულში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.