USA TODAY - დასანანია, მსოფლიო ჩემპიონატზე კვარაცხელიას და ოსიმენს რომ ვერ ვიხილავთ #1TVSPORT
USA TODAY - დასანანია, მსოფლიო ჩემპიონატზე კვარაცხელიას და ოსიმენს რომ ვერ ვიხილავთ #1TVSPORT

USA TODAY მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ წარმატებულ თამაშს ეხმაურება. ამერიკული გამოცემა გუნდის წარმატების წინაპირობად ხვიჩა კვარაცხელიას და ვიკტორ ოსიმენის დუეტის შედეგიან და წარმატებულ თამაშს ასახელებს – ავტორი სინანულით აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ამ ორი ვარსკვლავის გარეშე ჩაივლის.

ოსიმენი და კვარა „ნაპოლის“ სერია A-ში დაუმარცხებლობის გარანტები არიან

„რა საწყენია ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობისთვის, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნებიან. „ნაპოლის“ ფორვარდები ამ სეზონში ევროპის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელები არიან. ოსიმენი დიდი საფრთხის მომტანი მოთამაშეა. კვარაცხელია კი დრიბლინგის ოსტატია, რომელსაც შეუძლია გატანა და ასისტების გაკეთება, მისი ბურთთან შეხებისას კი მაყურებელი ნერვიულობას იწყებს. ოსიმენმასასუოლოსთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, კვარაცხელიამ კი ორი ასისტი და გოლი ჩაიწერა და ამ მოგებით სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ“ კლუბის რეკორდი ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-13 გამარჯვებამდე გაზარდა.

სამ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც ოსიმენი და კვარაცხელია ვერ ითამაშებენ, რადგან საგზური ვერც ნიგერიის და ვერც საქართველოს ნაკრებმა ვერ მოიპოვა. ნიგერიისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წლის შემდეგ, რომელზეც ვერ გაემგზავრება, ხოლო საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლად თამაში მხოლოდ 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, ფეხბურთის უდიდეს ღონისძიებაზე არასოდეს მოხვედრილა.

თუმცა, „ნაპოლისთვის“ ეს კარგია, რადგან მისი ორი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაისვენებს. სუპერვარსკვლავებით სავსე „პარი სენ-ჟერმენთან“ და ჩემპიონთა თასის 14-გზის მფლობელ მადრიდის „რეალთან“ ერთად, „ნაპოლი“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე კლუბიდან ევროპის ტოპ ხუთეულში, რომელიც აქამდე დაუმარცხებელია. „ნაპოლიმ“ ბოლო გამარჯვება მოიპოვა იმ დღეს, როდესაც გუნდმა აღნიშნა კლუბის ლეგენდის, დიეგო მარადონას დაბადების დღე, რომელიც კვირას 62 წლის გახდებოდა. მარადონამ, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა, „ნაპოლი“ სერია A-ს ჩემპიონობამდე ორჯერ, 1987 და 1990 წლებში მიიყვანა.

ნაპოლიმ“ თავისი უპირატესობა ექვსი ქულით გაზარდა მოქმედ ჩემპიონ „მილანთან“, რომელიც კვირას „ტორინოს“ ეწვევა. ამის შემდეგაა გასვლაზე მატჩი ლივერპულში სამშაბათს და „ნაპოლი“ შეეცდება, დაასრულოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომელიც იდეალურად დაიწყო და პირველი ხუთ მატჩში დამაჯერებლად მოიგო, მათ შორის 4:1 „სტადიო მარადონაზე“ „ლივერპული“ დაამარცხა“, – წერს USA TODAY.