ვანკუვერში 2019 წლის მსოფლიო თასის ორმატჩიანი შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს კანადა და ურუგვაი შეხვდნენ.
სტუმრები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. მეორე წუთზე სილვამ (15) შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო მიითვალა – 0:7.
შემდგომი ნახევარი საათი კანადელები დომინირებდნენ. მათ მეტოქეს 17 უპასუხო ქულა გაუტანეს (ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა) და ათქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.
სამხრეთ ამერიკელები არ გატყდნენ და პირველი ტაიმის დასრულებამდე მასნპინძლები ორჯერ დაამწუხრეს. ურუგვაელებმა ანგარიში კიდესთან ახლოს დადებული ლელოთი შეამცირეს, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი თავი 21 წლის 9 ნომერმა, არატამ გამოიჩინა. იგი მეტოქეს რაქში გაეპარა და ბურთი ძელებს შორის დაამიწა.
პირველი ტაიმის შემდეგ – კანადა 17:21 ურუგვაი.
მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს. 46-ე წუთზე კანადელებმა მეტოქის ხუთ მეტრიან ზონაში მოლი ჩამოაყალიბეს, რომლის შეჩერებაც ურუგვაელებმა მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოახერხეს. მატჩის მთავარმა არბიტრმა გადაწყვიტა, რომ ლელო გარდაუვალი იყო და საჯარიმო ლელო ჩათვალა – 24:21. ამავე ეპიზოდში წესების დარღვევისათვის ურუგვაელთა კვაჭი, კესლერი, ყვითელი ბარათით დაისაჯა.
კაცნაკლული ურუგვაი მეტოქეს აქტიურად უტევდა და ამან შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო. სწრაფი გათამაშების შემდეგ ბურთი კიდესთან ახლოს მეორე ხაზელმა იგნასიო დოტიმ (4) მიიღო, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია – 24:28.
ოთხიოდ წუთში თავი როდრიგო კაპო ორტეგამ (5) გამოიჩინა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ურუგვაიმ მეტოქეს ორი ლელო დაუდო და 11 ქულით დაწინაურდა.
71-ე წუთზე კანადელთა ცენტრი, ნიკ ბლევინსი (12), მოკლე ფრთაზე მეტოქესთან ერთი-ერთზე დარჩა, კონტაქტისას აჯობა და ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა – 29:35.
ურუგვაელთა სასარგებლოდ 9 ქულამიანი სხვაობა ბერხესმა (10) საჯარიმო დარტყმით 75-ე წუთზე მოიპოვა.
საბოლოო ანგარიში – კანადა 29 : 38 ურუგვაი.
მსოფლიო თასის მონაწილის ვინაობა 4 თებერვალს, ურუგვაიში გაირკვევა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი მსოფლიო თასზე “დ” ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და საქართველოსთან ერთად მოხვდება.