ურუგვაი 1930 | საინტერესო და სახალისო ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან #1TVSPORT
1930 წელს ურუგვაის დედაქალაქმა ფეხბურთში მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა და რა თქმა უნდა, მთავარ სპორტულ დღესასწაულზე ბევრი რამ პირველად მოხდა.
დიდი საფეხბურთო დღესასწაული დაიწყო
პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13 ნაკრები მონაწილეობდა და ყველა მატჩს მონტევიდეომ უმასპინძლა, სადაც სპეციალურად მუნდიალისთვის სენტენარიოს სტადიონი აშენდა.
პირველი გოლი
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლის ავტორი ფრანგი ლუსიონ როლანი გახდა, რომელმაც ოსკარ ბონფილიოს გაუტანა. შესაბამისად, მექსიკის ნაკრების კარის დარაჯი გახდა პირველი მეკარე, ვინც მუნდიალზე გოლი გაუშვა.
პირველი გაძევება
პირველი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანი დაატოვებინეს, პერუელი პლასიდო გალინდო იყო, რომელიც რუმინეთის ნაკრებთან უხეშობისთვის დასაჯეს. თუმცა, იმ დროს „წითელი ბარათი“ არ არსებობდა და პერუს ნაკრების წევრი მოედნიდან ისე გააძევს, რომ ბარათი არ მიუღია.
მეფე-მწვრთნელი
რუმინეთის მეფე კაროლ მეორე იმდენად ჩაერთო საკუთარი ქვეყნის ნაკრების მომზადებაში, რომ ოფიციალურად იყო ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი.
თოვლი ივლისში
ურუგვაიში მსოფლიო ჩემპიონატი ივლისში გაიმართა და რადგან ამ დროს სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია, მონტევიდეოში ერთ-ერთი მატჩის დროს თოვლი წამოვიდა. ადგილობრივ პრესაში დაიწერა, რომ ივლისში წამოსული თოვლი ევროპელი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
წარმატებული სტარტი
ტურნირს ნახევარ მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო და ბილეთების გაყიდვით შემოსულმა მოგებამ 233 ათსი ურუგვაული პესო შეადგინა, რაც 255 ათასი დოლარის ექვივალენტი იყო, იმ პერიოდში ძალიან სოლიდური თანხა.
ფინალური მატჩის არბიტრი პოლიციის განყოფილებაში
ფინალურ მატჩზე დასწრების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ უბილეთოებმა მსაჯობის ყალბი საბუთები დაამზადეს და სტადიონზე შესვლა სცადეს. სამართალდამცავებმა „მსაჯები“ დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორ მოგვიანებით გაირკვა, მათ შორის მოხვდა ბელგიელი არბიტრი ჯონ ლანგენუსი, რომელიც ფინალური მატჩის მთავარი მსაჯი იყო. სიმართლის გარკვევას დრო დასჭირდა და ბელგიელმა არბიტრმა ძლივს მიასწრო ფინალურ თამაშზე.
ურუგვაი-არგენტინა
ფინალში ერთმანეთს ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (4:2) დასრულდა და მსოფლიო ჩემპიონობა პირველად ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა იზეიმა. ბომბარდირი არგენტინელი გილერმო სტაბილე გახდა (8 გოლი), ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ურუგვაელი ხოსე ნასასი დაასახელეს.
ჩვენი ბურთით
საინტერესოა, რომ ფინალური მატჩის დაწყების წინ, ორივე ნაკრებს საკუთარი ბურთით თამაში სურდა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ერთ ტაიმს არგენტინის ნაკრების ბურთით ითამაშებდნენ, მორე ნახევარს – ურუგვაის ნაკრების. უცნაურია, მაგრამ როცა საკუთარი ბურთით თამაშობდნენ, არგენტინელები იგებდნენ (2:1), როცა ჯერი ურუგვაელებზე მიდგა, მათ თავისი ბურთით თამაში შემოატრიალეს, სამი გოლი გაიტანეს და მსოფლიოს პირველი ჩემპიონები გახდნენ.