ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად

02:56, 26.10.2026

ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში.

ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს, სადაც პარტია „სტუდენტური სია“ ლიდერობს.

მათივე თქმით, ევროკავშირი მზადაა, სერბეთთან ითანამშრომლოს და მას მხარი დაუჭიროს.

„დღეს სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით გამოცხადდა ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმებს და ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად“, – აცხადებენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა.

ცნობისთვის, არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA -ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.

მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.

არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

მსგავსი