ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს, სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ „ბილდთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირი არ განიხილავს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის უბრალოდ აკრძალვას, რადგან ეს გამოიწვევს „შავ ოქროზე“ ფასების მატებას და საბოლოო ჯამში, პუტინის გაძლიერებას.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამის ნაცვლად, ევროკომისია მუშაობს ე.წ. ჭკვიანურ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ახალ სასანქციო პაკეტში მოხვდეს რუსული ნავთობიც.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქმედითია და ისინი აუცილებლად გამოიწვევენ რუსეთის დეფოლტს.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დროულად უნდა დაეხმაროს შეიარაღებით უკრაინას, რადგან მხოლოდ ეს გადაარჩენს უკრაინას რუსეთთან ბრძოლის დროს.