უპრეცედენტო ამბავი დამოუკიდებლობის შემდეგ - ბათუმის „დინამო“ საშინაო მატჩებზე აბონემენტებს გაყიდის #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხთან გუნდის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან ბათუმის „დინამოს“ საშინაო მატჩებზე დასასწრები აბონემენტები გაიყიდება.
„ბათუმში ახალი სტადიონის აშენების შემდეგ გვეგონა, რომ მაყურებელს დაიტევდა, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო ტრიბუნები სრულად ვერ იტვირთება. მხოლოდ 7000 ბილეთი იყიდება და ერთ საათში საღდება. მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომავალი წლის დასაწყისიდან ბათუმის „დინამოს“ საშინაო მატჩებზე დასასწრები აბონემენტები გავყიდოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.
სტადიონზე აბონემენტების გაყიდვა წლების წინ საქართველოშიც ჩვეული პრაქტიკა იყო, მაგრამ დამოუკიდებელი ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, ქართული ფეხბურთის მიმართ მაყურებლის ინტერესი შემცირდა.
ამის გამო, ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის პერიოდში უპრეცედენტოა.
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართა – „დინამომ“ გორის „დილა“ 2:0 დაამარცხა, ტრიბუნაზე კი 7 ათასამდე მაყურებელი იყო. მიმდინარე სეზონის რეკორდი კი ბათუმისა და თბილისის „დინამოს“ თამაშზე დამყარდა, როდესაც სტადიონი საფარის დაგების შემდეგ გახსნეს – მატჩს მინიმუმ 10 ათასი ადამიანი დაესწრო.