ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. საქართველოს ვიცეჩემპიონის მეტოქე გია ცეცაძის ყოფილი კლუბი „ლვოვი“ გახლდათ.
ცეცაძის წამოსვლის შემდეგ კლუბი ვალერი შუმსკიმ ჩაიბარა, მაგრამ გუნდი კვლავ უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია. თურქეთის ქალაქ ბელეკში გამართულ შეხვედრაში (რომლითაც შეკრება დაასრულეს) ბათუმელებს მეტოქემ წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ.
გია გეგუჩაძის გუნდი, ლვოველთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა. თუმცა, ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნა „ლვოვმა“ მოახერხა. 30-ე წუთზე გატანილი გოლი უკრაინელთა ბრაზილიელი ლეგიონერების დამსახურებაა. ალვაროს გადაცემით რენანმა გაიტანა.
მეორე ტაიმშიც გია გეგუჩაძის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და უფრო მწვავედ მოქმედებდა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო – წონასწორობა გოჩა ჩაბრაძემ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
„დინამო ბათუმი“ 1:1 „ლვოვი“
გოლები: 0:1 რენანი (30), 1:1 ჩაბრაძე (70)
„დინამო“ (I ტაიმი): კუპატაძე, ჩალაძე, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი, გროცურეკი, ჯიღაური, ფანცულაია, ნიქაბაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: გეგეჭკორი, მანჯგალაძე, სანოგო, ჩაბრაძე, ზარია, ჯიჯავაძე, აზაროვი, თევდორაძე.
მომდევნო ტესტ-მატჩს ბათუმის „დინამო“ 9 თებერვალს ბრესტის „რუხთან“ გამართავს, ხოლო 13 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგელ ტულის „არსენალს“ შეხვდება. დარჩენილი ორი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.