„უოტფორდმა“ სპორტული დირექტორი დაითხოვა, რომელმაც გუნდში ჩაკვეტაძე მიიყვანა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ სპორტული დირექტორი, ბენ მანგა და მისი ასისტენტები თანამდებობიდან დაითხოვა – ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოცემა The Athletic-ი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვალერიენ ისმაელის უფლებამოსილება გაიზრდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ცვლილებები საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ბედზე გავლენას არ მოახდენს.
„საერთაშორისო შესვენებაზე „უოტფორდში“ ტრადიციად იქცა, რომ გუნდს მთავარი მწვრთნელი ტოვებდა. ამჯერად, კლუბი სპორტულ დირექტორს, ბენ მანგას დაემშვიდობა. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს მანგასა და მისი თანაშემწეების წასვლა კლუბის სელექციასა და შემადგენლობაზე.
დანიშვნიდან სულ რაღაც 10 თვეში მანგასთან ერთად გუნდიდან წავიდა ჰელენა კოსტასი და რაფაელ ტონელოსი. სეზონის წინ სწორედ მანგამ იმოგზაურა მთელ მსოფლიოში და შეადგინა სატრანსფერო სია, მისი მიზანი მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების გაშვება და შეზღუდული ბიუჯეტით გუნდის შემადგენლობის ოპტიმიზაცია იყო. მან მოიყვანა ექვსი ახალი ფეხბურთელი. ამიერიდან მთავარ მწვრთნელს, ვალერიენ ისმაელს უფრო დიდი უფლებამოსილება ექნება, რათა გუნდში არსებულ ვითარებაზე მეტი გავლენა მოახდინოს“, – ამტკიცებს theathletic.
გამოცემა მიანიშნებს, რომ შესაძლოა, სპორტული დირექტორის მიყვანილ ექვს მოთამაშეს პრობლემები შეექმნას. მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეც დასახელდა, რომელიც ინგლისელებმა იჯარით „გენტიდან“ დაიმატეს. თუმცა, დიდი ალბათობით, სპორტული დირექტორის წასვლით ჩაკვეტაძე მაინც არ დაზარალდება, რადგან „უოტფორდში“ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი მთავარი მწვრთნელის, ვალერიენ ისმაელისა და ბენ მანგას ერთობლივი იდეა იყო.