„უოტფორდმა“ „იფსვიჩთან“ ფრედ ითამაშა - გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა #1TVSPORT
„უოტფორდი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, გასვლით მატჩში „იფსვიჩს“ დაუპირისპირდა და ჩემპიონშიფის ლიდერთან ქულა მოიპოვა – 0:0.
„უოტფორდმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემპიონშიფის ლიდერთან თანაბრად თამაში შეუძლია, რაშიც თავისი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანა, რომელიც სანაკრებო მატჩების შემდეგ „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
ქართველი შემტევი აშკარად გამორჩეული იყო და გუნდის შეტევებს პერიოდულად ამწვავებდა. მისი გადაცემით ანგარიშის გახსნა ვაკუნა ბაიოს შეეძლო, მაგრამ კოტდივუარელის მიერ დარტყმულ ბურთს მცველი გადაეფარა და ვითარება განიმუხტა. ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენის შანსი ჯამალ ლუისსაც ჰქონდა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. 71-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი შეცვალეს.
„უოტფორდის“ დროებითმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაახანგრძლივა და 42 ტურის შემდეგ გუნდი 52 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში „უოტფორდი“ მეორე გუნდია, რომელსაც „იფსვიჩმა“ საკუთარ მოედანზე გოლი ვერ გაუტანა.