„უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე - პირველივე ვარჯიშზე შეგვექმნა განცდა, რომ განსაკუთრებული მოთამაშე დავიმატეთ #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, გუნდის მწვრთნელმა განსაკუთრებული ფეხბურთელი უწოდა.
„უოტფორდმა“ სეზონი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო. გუნდმა „ქუინზ პარკ რეინჯერს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ახალ ლიგასა და გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა. გიორგი ჩაკვეტაძე ახალი გუნდის განაცხადში მოხვდა, მოედანზე კი 66-ე წუთზე გამოჩნდა, იყო საკმაოდ აქტიური და სასარგებლო.
„სავარჯიშო მოედანზე შესვლის პირველივე დღიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი თამაშით, ჩვენ გვქონდა განცდა, რომ განსაკუთრებული მოთამაშე დავიმატეთ“, – განაცხადა „უოტფორდის“ მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა.
„მეორე ტაიმში მოედანზე „უოტფორდის“ ახალწვეული – გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა. შემტევი ნახევარმცველი ამ მატჩის კიდევ ერთი მიმზიდველი დამატება იყო. „გენტიდან“ იჯარით დამატებულმა ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა თავისი სიძლიერე სწრაფი ფინტებით, თავდაჯერებული დრიბლინგებითა და დარტყმებით“, – ეს უკვე გამოცემა The athletic-ის სიტყვებია.