უოტფორდის მეკარე ბენ ფოსტერი ელტონ ჯონს ურჩევს, გააუქმოს კონცერტი კოპენჰაგენში, რათა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გასამართ ასოციაციის თასის ფინალს დაესწროს. კრაზანებმა (უოტფორდის ზედმეტსახელი) 1984 წლის შემდეგ პირველად მიაღწიეს ასეთ შედეგს და თუ ფინალში უდავო ფავორიტი დაამარცხეს, ისტორიაში პირველად დაეუფლებიან ამ საპატიო ჯილდოს.
სერ ელტონ ჯონი უოტფორდის საპატიო სამუდამო პრეზიდენტია, 1970-იან და 1980-იან წლებში კი კლუბის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა და სტადიონ ვიკარიჯ როუდზე ერთ-ერთ ტრიბუნას მისი სახელიც კი ჰქვია.
ამ ყველაფრის გამო, ბენ ფოსტერი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადგილი არსებობს, სადაც ელტონ ჯონი 18 მაისს უნდა იჯდეს.
„დილემა არ არსებობს. ახლავე უნდა გააუქმოს კონცერტი“, – უთხრა ფოსტერმა ჟურნალისტებს შაბათს, ჰადერსფილდთან გამართული მატჩის შემდეგ. – „კიდევ რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებსაც ფინალის დღეს ქორწილი აქვთ და ეს მათივე ბრალია. ზაფხულში და თან ფინალის დღეს ქორწილი არ უნდა დანიშნო“.