„უოტფორდი“ „გენტიდან“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს გამოისყიდის #1TVSPORT
„უოტფორდმა“ „გენტიდან“ იჯარით დამატებული გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვა გადაწყვიტა“, – წერს Daily Mirror-ის რეპორტიორი რაიან ტეილორი.
უფრო მეტი დეტალია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში: „„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძის საიჯარო ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი აამოქმედა და „გენტიდან“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოისყიდა. ბელგიური კლუბი ინგლისელებისგან 2.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. „უოტფორდსა“ და გიორგი ჩაკვეტაძეს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა – ბრიტანელები შეთანხმებას მალე დაადასტურებენ“.
ბრიტანული გამოცემა the72 – ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფს კარგად შეეგუა
„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტში არსებული პუნქტი გაააქტიურა და მისი კონტრაქტი გამოისყიდა. 24 წლის ფეხბურთელი გუნდში გასული ზაფხულიდან თამაშობს.
ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფს კარგად შეეგუა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველ ფეხბურთელს თავისი ქვეყნის ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. 2017 წლიდან მისი ტრანსფერი ბელგიურ კლუბს, „გენტს“ ეკუთვნის, სადაც 81 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა.
ჩაკვეტაძემ ვარჯიში „ნორჩი დინამოელში“ დაიწყო, 2010 წელს კი „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავიდა, საიდანაც პირველ გუნდში მოხვდა. ბოლო წლებში იჯარით თამაშობდა „ჰამბურგსა“ და ბრატისლავის „სლოვანში““, – წერს the72.