უნიკახას მეორე გამარჯვება ევროთასზე - შერმადინი კვლავ გამორჩეულია [ვიდეო]
საკალათბურთო „ევროთასის“ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო „უნიკახამ“. მალაგელებმა საკუთარ დარბაზში, ფრანგულ „ლიმოჟს“ უმასპინძლეს და 79-72 დაამარცხეს.
გიორგი შერმადინი მასპინძელთა ძირითად ხუთეულში იყო და 17 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, ერთი გადაცემა და ერთი დაფარება გააკეთა. ქართველი ცენტრი, პოლონელ ადამ ვაშინსკისთან ერთად (16 ქულა) ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული იყო.
„უნიკახამ“ ტაიმი კომფორტული სხვაობით 41-31 მოიგო. ლუის კასიმიროს გუნდმა მეორე ნახევარში მეტოქეს თამაშის ბოლომდე დაძაბვის საშუალება აღარ მისცა და შვიდქულიანი ჰანდიკაპით დაასრულა შეხვედრა. სამი ტურის შემდეგ, ესპანურ კლუბს ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს.
„უნიკახა“ აღნიშნულ ტურნირზე მომდევნო თამაშს 23 იანვარს ისევ „ლიმოჟის“ წინააღმდეგ, ამჯერად საფრანგეთში ჩაატარებს.