ესპანეთის „უნიკახამ“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა რანგით მეორე საკლუბო ტურნირის – ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე. მეექვსე ტურში გიორგი შერმადინის გუნდი საკუთარ მოედანზე იღებდა ლიტვურ „რიტასს“ და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 95:76 (21:21, 22:27, 28:7, 24:21).
ამ მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ცენტრმა შეიტანა – მან 21 წუთში 10-დან 9 ორქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება დაუმატა.
შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო, აგრეთვე მას ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა – 29.
აღსანიშნავია, რომ „უნიკახამ“ პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მესამე მეოთხედში 28:7 გაანაგურა ვილნიუსის კლუბი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.
D ჯგუფში „უნიკახა“ რუსულ „უნიქსთან“ ერთად 5 მოგებითა და ერთი წაგებით ლიდერობს.