უნგრული გამოცემა „უიპეშტის“ გადარჩენას ზივზივაძეს უკავშირებს - მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა #1TVSPORT
უნგრული გამოცემა nemzetisport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და სავარაუდოდ, ქართველი თავდამსხმელი მოედანს შემდეგი ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოს წინა ტურში „უიპეშტმა“ „ფეჰერვარს“ (რომელსაც ზივზივაძის ტრანსფერი ეკუთვნის) უმასპინძლა, მაგრამ „ჯვაროსნენის“ 27 წლის თავდამსხმელმა შეხვედრა გამოტოვა – ზივზივაძე „კიშვარდასთან“ შეხვედრის (1:2) პირველ ტაიმში დაშავდა.
უნგრული გამოცემის ცნობით, ქართველი თავდამსხმელის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, „ფეჰერვართან“ შეხვედრაში კი მოედანზე სიფრთხილის გამო არ ათამაშეს:
„თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძე „კიშვარდასთან“ წინა ტურის მატჩში დაშავდა, როდესაც გოლის გატანას „მაკრატელათი“ ცდილობდა, მაგრამ ისე დაეცა, რომ მოედნიდან გაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევებმა სერიოზული პრობლემა არ გამოავლინა. „ფეჰერვართან“ მატჩამდე ისმოდა, რომ ყოფილ გუნდთან თამაში აუცილებლად სურდა, მაგრამ საბოლოოდ, ექიმებმა არ გარისკეს და დასვენება ურჩიეს. ზივზივაძე ამიტომ არ იყო“, – წერს nemzetisport.
ამავე დროს, უნგრულმა გამოცემამ „უიპეშტის“ ლიგაში დარჩენაში (ზივზივაძის მისვლამდე ბოლო ადგილზე იყო, ახლა მე-6 პოზიციაზეა) ქართველის მნიშვნელოვანი როლიც აღნიშნა:
„ქართველი ფეხბურთელი „უიპეშტში“ სეზონის მსვლელობისას ჩავიდა და გატანილი გოლებით გადამწყვეტი როლი ითამაშა, კლუბი აუტსაიდერთა ზონიდან გამოეყვანა და „უიპეშტი“ სტაბილური საშუალო გუნდი გამხდარიყო“.
შეგახსენებთ, რომ ბუდუმ საშემოდგომო ეტაპზე „ფეჰერვარში“ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ 11 შეხვედრაში თავი 10 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა ექვსეულშია. მისმა გუნდმა ქართველი თავდამსხმელის დამატების შემდეგ ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე თავიდან აიცილა და ბოლო ადგილიდან მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა.