უნგრული გამოცემა - „ფეჰერვარს“ ზივზივაძის ტრანსფერში 800 ათასის მიღების ბოლო შანსი აქვს #1TVSPORT
უნგრული გამოცემა - „ფეჰერვარს“ ზივზივაძის ტრანსფერში 800 ათასის მიღების ბოლო შანსი აქვს #1TVSPORT

უნგრულ ფეხბურთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 15 იანვრიდან 14 თებერვლამდე გრძელდება. ამ პერიოდში უნგრულ გუნდებში მრავალ ცვლილებას ელიან – სამი შესაძლო ტრანსფერი კი ქართველ ფეხბურთელებს უკავშირდება.

უნგრეთის ჩემპიონატის ვებგვერდ nb1-ში გამოქვეყნებულ წერილში („ტრანსფერები: ბოლო შანსი, რომ გუნდებმა მათ ტრანსფერებში ფული მიიღონ“) უნგრული კლუბების იმ მოთამაშეთა სიაა, რომლებსაც გუნდებთან კონტრაქტები უმთავრდებათ და შესაძლოა, ახალ კლუბში გადავიდნენ. მათ შორის სამი ქართველია.

გიორგი ხარაიშვილი 2021 წლის თებერვალში უნგრული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერ „ფერენცვაროშში“ გადავიდა, მაგრამ თავის გამოვლენის საშუალება არ მისცა ტრავმებმა, შემდეგ კი მომჯობინდა, მაგრამ სტანისლავ ჩერჩესოვი არ ათამაშებს.

სიაშია „მეზოკოვეშდის“ ქართველი მცველი ლუკა ლაკვეხელიანიც, რომელმაც ორჯერ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, მოედანს დაუბრუნდა და სათამაშო პრაქტიკა აკლია. უნგრეთის ჩემპიონატის ვებგვერდის შეფასებით, „საბურთალოს“ ყოფილი კაპიტნის შესაძლო ტრანსფერში „ფერენცვაროშს“ 200 ათასი ევროს გამომუშავება შეუძლია. ზუსტად ამდენივე წერია ლაკვეხელიანის შემთხვევაშიც.

დაბოლოს – გამოცემის მტკიცებით, „ფეჰერვარიდან“ აუცილებლად წავა ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ისრაელში, გერმანიასა და პოლონეთში იწვევენ. nb1-ის შეფასებით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერში კლუბს 800 ათასის ევროს გამომუშავების ბოლო შანსი აქვს.