უნგრეთი კორონავირუსის გამო საზღვრებს კეტავს - უეფას სუპერთასი ჩაშლის პირასაა
უეფას სუპერთასის მატჩს „ბაიერნსა“ და „სევილიას“ შორის, რომელიც 24 სექტემბრისთვის არის დანიშნული, ჩაშლა ემუქრება, – დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“.
თამაში ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს, მაგრამ უნგრეთი პირველი სექტემბრიდან თითქმის ყველა უცხოელისთვის საზღვრებს კეტავს კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო. ამ მიზეზით, გერმანული და ესპანური კლუბები, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებენ ქვეყანაში მოხვედრას.
თავდაპირველად, უეფას სუპერათასი 12 აგვისტოს, პორტუში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ პორტუგალიაში ჩატარდა, შეხვედრის ბუდაპეშტში გადატანა გადაწყვიტეს.
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“, „სევილიამ“ კი ევროპის ლიგის გადამწყვეტ მატჩში 3:2 მოუგო „ინტერს“.