უნაი ემერი - მესუტ ოზილი ხან სასტარტოში გვჭირდება და ხან სათადარიგოთა სკამზე
არსენალის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აცხადებს, რიმ მესუტ ოზილის როტაცია მომავალშიც გაგრძელდება.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებითი მატჩი ბორისოვოს ბატესთან მეორე შემთხვევა იყო 2019 წელს, როდესაც გერმანელი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.
მეთოფეებმა 3-0 მოიგეს და სტუმრად მინიმალური ანგარიშით განცდილი მარცხისთვის (0-1) სრულფასოვანი რევანში აიღეს. 30 წლის ოზილმა მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე ჩაატარა და ეს პირველად მოხდა გასული წლის დეკემბრის შემდეგ.
„გუნდს ოზილი ხან სასტარტოში სჭირდება და ხან სათადარიგოთა სკამზე. დღეს მისი საბრძოლო განწყობით კმაყოფილი ვარ და თანაგუნდელებთან მისი ურთიერთქმედებაც კარგი იყო. ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და ოზილის თამაში დღეს პოზიტიური გამოდგა“, – განაცხადა უნაი ემერიმ მატჩის შემდეგ.
ლონდონში გამართული მატჩის პირველი გოლი უკვე მეოთხე წუთზე გავიდა, როდესაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ ჩაწოდებული ბურთი ბატეს მცველმა ზახარ ვოლკოვმა საკუთარ კარში გადაგზავნა. ორამდე ანგარიში შკოდრან მუსტაფიმ გაზარდა, როდესაც ტაიმის დასასრულს გრანიტ ჯაკას მიერ ჩაწოდებული კუთხული გამოიყენა, მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში სოკრატის პაპასტათოპულოსმა დააფიქსირა.