„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ გაწბილებულია ევროპა ლიგის ფინალში დამარცხებით, თუმცა გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს, რომ გუნდის მიმართ რწმენა არ დაკარგონ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „არსენალის“ ფეხბურთელების საევროპალიგო იმედი თვალსა და ხელს შუა აორთქლდა და საბოლოოდ მატჩი „ჩელსის“ გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.
„პირველ ტაიმში შესაძლებლობები გვქონდა. ჩვენ მათ ბევრი შანსი არ მივეცით, მხოლოდ ერთი ბურთის მოგერიება მოუხდა პეტრ ჩეხს. გვინდოდა, ასევე გაგვეგრძელებინა მეორე ტაიმშიც და შანსი გამოგვეყენებინა, როდესაც ის მოგვეცემოდა, მაგრამ პირველი გოლი მათ გაიტანეს. ამის შემდეგ სიმშვიდის შენარჩუნება ვერ შევძელით და კიდევ დავუშვით შეცდომები“, – განაცხადა ემერიმ.
აღსანიშნავია, რომ „არსენალმა“ ევროთასებზე ზედიზედ მეოთხე ფინალი წააგო, „მეთოფეთა“ უკანასკნელი გამარჯვება კი 1994 წლით თარიღდება, როდესაც თასების მფლობელთა თასის ფინალში „პარმა“ დაამარცხეს.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ახლა შენების პროცესში ვართ. ამიტომ, მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო, რომ ამ პროცესში რწმენა არ დაკარგონ“, – ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
ფინალურ მატჩში „ჩელსის“ ფორვარდმა ედენ აზარმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი ჟირუმ და პედრომ გაიტანეს, ხოლო „არსენალის“ მხრიდან თავი აივობიმ გამოიჩინა.