უნაი ემერი - ჩემი ფეხბურთელების შეურაცხყოფას არ მოვითმენ (ვიდეო)

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ გულშემატკივრებს უპასუხა და განაცხადა, რომ არც ერთი ფეხბურთელის შეურაცხყოფას არ მოითმენს.

საქმე ეხება ლონდონელთა გერმანელ ლეგიონერ შკოდრან მუსტაფის, რომელსაც კრისტალ პალასთან 2-3 წაგებულ მატჩში გულშემატკივრები მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ. ფეხბურთელის შეცდომების გამო არსენალმა ამ მატჩში ორი გოლი მიიღო და კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, სატურნირო ცხრილში პირველ ოთხეულში გადანაცვლებულიყო, რაც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში ადგილს უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, უნაი ემერი გულშემატკივრებს არ ეთანხმება.

„მესმის, რომ კრიტიკა იქნება იმ ადამიანებისგან, რომლებიც სტადიონზე მოდიან ან ტელევიზორში უყურებენ თამაშს, მაგრამ პირად შეურაცხყოფას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ შეურაცხყოფის მიყენება აუცილებელი არ არის“, – განაცხადა ემერიმ. – „მეც ვაკრიტიკებ ფეხბურთელებს, მაგრამ ეს ყოველთვის დახურულ კარს მიღმა ხდება. მუსტაფის კი იმიტომ ვიცავ, რომ მისი მჯერა“.

არსენალს ამჟამად 66 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ ჩელსის, თუმცა მეთოფეებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული და თუ ყველა დარჩენილი თამაში მოიგეს, ოთხეულში აუცილებლად შევლენ.

არსენალის დარჩენილი მატჩები:

24 აპრილი
ვულვერჰემპტონი – არსენალი
28 აპრილი
ლესტერი – არსენალი
5 მაისი
არსენალი –  ბრაიტონი
12 მაისი
ბარნლი – არსენალი