უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს - ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
მიმდინარე წლის ივნისში 20-წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელიც კოვიდპანდემიის გამო სამი წელი არ გამართულა. საქართველომ ამ ტურნირზე თამაშის უფლება 2016 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ელიტაში ადგილს წარმატებით ინარჩუნებს.
წლევანდელი ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც, მათ გარდა, მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია მოხვდნენ.
10 აპრილიდან ქართულ კლუბებში მოთამაშე ნაკრების კანდიდატებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი შეკრება დაიწყეს. 45 კანდიდატი 13 მაისამდე ივარჯიშებს, 13 მაისს კი გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და „მარკუსის“ ბაზაზე საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან – ერთობლივ ვარჯიშს, მერე კი ტესტმატჩს გამართავს.
უმცროს „ბორჯღალოსნებს“ ლეგიონერების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში შეუერთდება. გუნდი 20 მაისს თბილისში დაბრუნდება, ხოლო 27 მაისსა და 1-ელ ივნისს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ტესტმატჩებს გამართავს.
მზადებასა და სამომავლო გეგმაზე კომენტარი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:
„დღეისათვის ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე მხოლოდ ქართულ კლუბებში მოთამაშე 45 მორაგბე გვყავს. პირველი სამი კვირა გუნდის შეთამაშებას, შეკვრას და, რა თქმა უნდა, ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. ბიჭების მდგომარეობითა და მონდომებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის სათამაშო ტემპი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ვარჯიშებზე ტემპს ხელოვნურად ვწევთ.
იმისათვის, რომ გავიგოთ, ტიერ 1-ის გუნდებთან შედარებით რა დონეზე ვართ, საჭიროა მაღალი დონის თამაშები, ისეთები, როგორიც საფრანგეთთან და ინგლისთან გვექნება. ნიჭიერი თაობაა, მაგრამ ჩვენ მათ მხოლოდ ერთმანეთთან და შიდა ჩემპიონატში თამაშიდან ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატზე იოლ ჯგუფში არასდროს ვყოფილვართ და ასეა ახლაც. დღესდღეობით იტალიის 20-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიაზე და ირლანდიაზე ძლიერი გუნდია. რაც მთავარია, ვიცით, რა გვჭირდება მიზნის მისაღწევად და გეგმაზომიერად ვემზადებით“, – ამბობს კილასონია.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა:
შერკინება: ლუკა კოტორაშვილი, გიგა ჩიკვატია, დავით მაჭარაშვილი, თორნიკე ბაიხოიძე, ლუკა სულუაშვილი (ყველა – „ხვამლი“), ონისე იოსელიანი, გიგი ჭუმბურიძე, დავით ვარდანიძე, გიორგი ნიკოლაძე (ყველა – „აია“), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, თორნიკე ბოყოველი, შოთა მაღლაკელიძე, დავით ქუნთელია, თორნიკე ღანიაშვილი, დათო ბერიძე, ანდრო დვალი, ვანო ნუცუბიძე, ნიკა აბესაძე (ყველა – „ლელო“), თამაზ ჭამიაშვილი, ნიკა ლომიძე (ორივე – „ხარები“), ბექა ბერიძე („ბათუმი“), მურთაზ ცხადაძე („არესი“), ლუკა უნგიაძე („არწივები“).
ხაზი: დავით ხუროშვილი, ალექსანდრე ჯიღაური, პეტრე ხუციშვილი, გელა ხელაძე, ლუკა ჭინჭარაული, დიტო ბერაია, საბა ციხელაშვილი, ლევან ბაჩილავა, სანდრო დარძულიძე, შალვა აფციაური, ლუკა ხორბალაძე, საბა არჩვაძე, ვაჟა მიქაძე (ყველა – „ლელო“), ლუკა ალიბეგაშვილი, მათე ჩქარეული (ორივე – „ყაზბეგი“), ნიკოლოზ კუპრაშვილი („ყოჩები“), ზურა ფირცხალაიშვილი („ბათუმი“), ალექს ზაზაძე („ხარები“), ლუკა კეშელავა („არმია“), ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“).
უმცროს ბორჯღალოსნებს ეტაპობრივად შეუერთდებიან ლეგიონერები:
ლაშა ციხისთავი, ბადრი ციხისთავი, ნიკოლოზ სუთიძე, გიორგი მამაიაშვილი, გურამ ღანიაშვილი, ლაშა ფხაკაძე, ოთარ კინწურაშვილი, ბასა ხონელიძე, რატი ზაზაძე, ნიკოლოზ საყვარელიძე, ლუკა კობაური, ნიკოლას რაგოევი, გიორგი შველიძე, სერგო აბრამიშვილი, ირაკლი აფციაური, გიგა თუთისანი, გიორგი გერგედავა, გიორგი ქურხული, დავით მჭედლიძე.