უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი - მიმაჩნია, რომ მეტი შეგვეძლო #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და, დიდი ბრძოლის მიუხედავად, 23:33 დამარცხდა.
მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ, მორაგბეებმა თორნიკე კახოიძემ და ლუკა ცირეკიძემ სამხრეთაფრიკელებთან თამაში შეაფასეს:
ლადო კილასონია (მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი გეგმა იყო, რომ წნეხის გარეშე გვეთამაშა. ჩამოვედით სამხრეთ აფრიკაში და პირველი შეხვედრა გვქონდა მასპინძელ ნაკრებთან. რაც უფრო დიდხანს დავრჩებოდით თამაშში და ანგარიში იქნებოდა მჭიდრო, ყოველი წუთი ჩვენზე იმუშავებდა. ამ გეგმამ მეორე ტაიმში იმუშავა, როდესაც კარგად წავიდა, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ რაგბი არის ტეხილივით, ხან ერთ გუნდს აქვს უპირატესობა, ხან მეორეს. სამწუხაროდ, მომენტი, როდესაც შეგვეძლო თამაშის შემოტრიალება, ხელიდან გავუშვით, მეტოქემ კი თავისი შანსი კარგად გამოიყენა.
ვფიქრობ, უნდა ვიამაყოთ ამ გუნდით, ძალიან რთულია გახსნის თამაში სამხრეთ აფრიკას საკუთარ მოედანზე ეთამაშო, თუმცა, ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მეტი შეგვეძლო.
ახლა დავიწყებთ მზადებას არგენტინის ძალიან სწრაფი და საინტერესო გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ვნახეთ მათი თამაში, შესანიშნავ ფორმაში არიან. მათთან შეხვედრამდე მოსამზადებლად ხუთი დღე გვაქვს. ვიმუშავებთ ისეთ ელემენტებზე, რაც კიდევ უფრო წინ წასწევს ჩვენს თამაშს.
ლუკა ცირეკიძე: „კარგი თამაში გამოგვივიდა და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. სამხრეთ აფრიკასთან 10 ქულით წავაგეთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ლელო ყველასთვის ემოციურია და ასე იყო ჩემთვისაც. მომდევნო შეხვედრებისთვის ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე და ვიმედოვნებ, შედეგიც უკეთესი იქნება“.
თორნიკე კახოიძე: „ასეთ დიდ ტურნირში პირველი თამაში იყო და ძალიან ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. შემდეგი თამაშებისთვის ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე. ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რა შეგვიძლია“.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩს 29 ივნისს, 18:30 საათზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.