უმცროსი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი - დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკას ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი - დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკას ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ემზადება. ქართველი მორაგბეები პირველ შეხვედრას სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“, 24 ივნისს, 21:00 საათზე მასპინძელი  ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.

მომავალი შეხვედრის შესახებ უმცროსი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, ლაშა ციხისთავმა ისაუბრა:

„მთელ გუნდს კარგად გვაქვს გათავისებული როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის, ასევე კონკრეტულად სამხრეთ აფრიკასთან მატჩის მიზანი. ნებისმიერ შეხვედრაში ვეცდებით, მაღალ დონეზე ვითამაშოთ და მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. პროგნოზისგან თავს შევიკავებ, გულშემატკივარი იხილავს, რა შეგვიძლია.

სამხრეთ აფრიკაში 10 დღით ადრე ჩამოვედით, რადგან აქ მძიმე გრუნტია და შესაგუებლად დრო გვჭირდებოდა. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა, ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ჩავატარეთ ავსტრალიასთან. ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვართ.

სამხრეთ აფრიკის ყველა თაობის, ყველა ნაკრების ძლიერი მხარეა მოლი და შერკინება. ისინი პირველ თამაშს ატარებენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და დარწმუნებული ვარ, მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ“, – აღნიშნავს ლაშა ციხისთავი.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლის ეთერში შემოგთავაზებთ. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.