უმცროსი „ბორჯღალოსნები“ უელსთან დამარცხდნენ და მეშვიდე ადგილისთვის ახალ ზელანდიას შეხვდებიან #1TVSPORT
საქართველო-უელსი 21:40
ლელო: მამაიაშვილი, ჭამიაშვილი, კახოიძე – ლუისი, ჰენესი (2), ჰიუსტონი, დელარუა, ვესტვუდი
გარდასახვა: – ედვარდსი (4), უაილდი.
ჯარიმა: ხუციშვილი (2)
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში უელსის ნაკრებთან 21:40 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს – პეტრე ხუციშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – 3:0; მანვე კიდევ ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმით მე-18 წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0.
პირველი ტაიმის მეორე ნახევარიდან ულესელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევები განახორციელეს. 35-ე წუთზე არბიტრმა თორნიკე კახოიძე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, რიცხვობრივი უპირატესობით კი მეტოქემ კარგად ისარგებლა და ლელო დადო, უელსელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 7:6 მოიგეს.
უელსელებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრის მეორე ნახევარიც და საწყის 15-წუთიან მონაკვეთში სამი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც ქართველმა მორგაბეებმა ერთით უპასუხეს.
შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე უელსელები კაცნაკლული დარჩნენ. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ჭამიაშვილმა სხვაობა შეამცირა. სამწუხაროდ, ხუციშვილის გარდასახვა არაზუსტი გამოდგა.
მატჩის დასრულებამდე უელსელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა – 40:21.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ახალი ზელანდია 46:35 დაამარცხა. 14 ივლისს მეშვიდე ადგილისათვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.