უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკული ტურნესათვის მზადებას ხვალ დაასრულებენ
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4-22 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც არგენტინაში ჩატარდება, პლანეტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ. მანამდე კი ილია მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრები 2 აპრილს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
9 აპრილს საქართველოს ნაკრები მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. 13 აპრილს უმცროსი ბოჯღალოსნები არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშებენ, 17 აპრილს კი ნამიბია XV-ს შეხვდებიან. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ამ ეტაპზე შეკრებაზე 38 მორაგბეა და მათგან სამხრეთ აფრიკაში 30 გაემგზავრება. სამწუხაროდ, აფრიკულ ტურნეზე გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დააკლდება. ესენი არიან კარკაძე, ხარაიშვილი და თევდორაძე.
ნაკრებს აღნიშნულ შეკრებაზე შეურთდა კაპიტანი თედო აბჟანდაძე, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების რიგებში თამაშობდა.